სამშობლოში დაბრუნება

    1719 წ. ვახტანგი სამშობლოში დაბრუნდა. შრომას მოწყურებული ენერგიულად გაუძღვა დაცემული სამეფოს აღდგენას და დაიწყო ძველი საქმიანობის განახლება.
    მეფემ ძველებური სიმტკიცით შეუტია მოწინააღმდეგეებს. ტახტზე დამკვიდრების შემდეგ ვახტანგი ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლას მეთაურობდა და ქართლის უშიშროების გარდა მეზობელ ქვეყნებსაც მფარველობდა. მან კავშირი დაამყარა კახთა მეფესთან (დავითთან) და ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა.
    ქართლის ჯარი რამდენჯერმე გადავიდა კახეთის ტერიტორიაზე და ლეკებს შეება. 1720 წ ზამთარში შაჰმა შარვანის ბეგლარბეგი გაგზავნა ჭარის შესამუსრად. ბეგლარბეგი წამოვიდა ლაშქრით. ლაშქარს თავს დაესხნენ ჭარელნი, მოკლეს ბელარბეგი და ამოწყვიტეს მისი ჯარი. შაჰმა ჭარელთა დასჯა ვახტანგს დაავალა. ქართლის მეფეს კახელებმაც სთხოვეს ჭარელთა დალაშქვრა.
    1721 წ. იანვარში ვახტანგი წავიდა ჭარისკენ. იმ დროს ლეკები მოვიდნენ გარეკახეთში, მაგრამ კახელებმა  ეს ვახტანგს არ აცნობეს, შეეშინდათ ვახტანგმა რომ ესენი აქვე დაამარცხოს ჭარს აღარ დალაშქრავსო. კარგა ხანს მაღაროს გააჩერეს, ამასობაში ჭარელნი უბრძოლველად დამორჩილდნენ ვახტანგს და შაჰმა მას უკან დაბრუნება უბრძანა.
    შაჰის გადაწყვეტილება გასაგები იყო, თუ ვახტანგი ჭარს დაიმორჩილებდა ქვეყანასაც დაიჭერდა და ჭარის დალაშქვრის შემდეგ მას ადვილად შეეძლო შეეტია დაუძლურებული ირანისათვის და მძიმე მდგომარეობაში ჩაეყენებინა ძველი მტერი.
    შაჰის ბრძანებით აღშფოთებულმა ვახტანგმა მოიხმო შაჰის ჯარი, ამოიღო ქარქაშიდან ხმალი და დაიფიცა, რომ ამიერიდან აღარ იბრძოლებს შაჰისა და ირანის დასაცავად. მან კარგად გაიგო, თუ რატომ დაუშალა შაჰმა ჭარის დაჭერა, წყენა გულს ჩაიხვია და ირანის საწინააღმდეგო საქმიანობა უფრო ფართოდ გაშალა.
    მალე ირანის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. მირ ვეისის ვაჟი, მირ მაჰმუდი უფრო გააქტიურდა. მეამბოხეები აღარ დასჯერდნენ ირანის აღმ. პროვინციების განთავისუფლებას შაჰისაგან და მათ შიდა პროვინციებს შეუტიეს. 1720 წ. მირ მაჰმუდი დაეცა ქირმანს.
    ავღანელებმა დაიკავეს ხორასნის ნაწილი. მათ ბრძოლას განმათავისუფლებელი ხასიათი ჰქონდა და მიმართული იყო სეფიანთა დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. 1722 წ. იანვარში ქირმანი დაკავეს და ისპაანისკენ გაემართნენ. ავღანელებმა გაანადგურეს ირანელთა არმია და ალყა შემოარტყეს ისპაანს. ირანში მყოფი ქართველთა ლაშქარი კვლავ თავგამოდებით ებრძოდა შაჰის მტრებს. ბევრი ქართველი დაეცა, მათ შორის ვახტანგის ძმა როსტომიც.
    გაჭირვებაში ჩავარდნილმა შაჰმა ვახტანგს დახმარება სთხოვა. შაჰი დიდ იმედს ამყარებდა ქართველებზე, რომელთა ძლევამოსილება კარგად იყო ცნობილი როგორც ირანელთა ისე ავღანელთათვის და არავითარი ეჭვი არ არსებობდა იმისა, რომ მტერი დაიხევდა უკან, როგორც კი მიიღებდა ცნობას მათი მოახლოების შესახებ. ვახტანგი არ დაეხმარა შაჰს.
    მის უარს შესაბამისი შედეგი მოჰყვა შაჰმა კახთა მეფედ კონსტანტინე ერეკლეს ძე დაამტკიცა და კახეთთან ერთად  ადრე ქართლის მეფის კუთვნილი მიწებიც უბოძა. ეს ვახტანგის დასჯა და შევიწროება იყო. მან სცადა კახთ ბატონთან საერთო ენის გამონახვა, შეხვედრაც მოიწადინა, მაგრამ კონსტანტინემ უარი უთხრა მოლაპარაკებაზე. მალე შაჰმა ვახტანგს ლაშქრით გამოსვლა და ლეკთაგან შეწუხებული განჯელების დახმარება დაავალა. ვახტანგიც გაემართა ჯარით განჯისკენ და შეშინებული ლეკები იქაურობას გაეცალნენ, 1722 წ მაისში მეფე თბილისში დაბრუნდა.
    აგვისტოში შაჰმა მას აზერბაიჯანის სპასპეტობა უბოძა და შირვანს გალაშქრება და იქიდან ლეკთა განდევნა დაავალა.
    ქართველები დიდი კატასტროფის წინაშე იდგნენ. მტერს საკუთარი ძალებით ვეღარ  უმკლავდებოდნენ და გადაწყვიტეს რუსეთთან დაკავშირება.
    ამ პერიოდში რუსეთს მართავდა ნიჭიერი  მმართველი პეტრე I. იგი დაინტერესდა კასპიისპირა მხარეებით, ამიტომ რუსეთის ხელისუფალთა მოსაზრებით კასპიისპირეთში სამხედრო - პოლიტიკური გამარჯვების მისაღწევად აუცილებელი  იყო ამიერკავკასიის ხალხთა მხარდაჭერა და მოკავშირეობა. ქართველებს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭებოდათ, რადგან მათ შეეძლოთ რუსეთისთვის მიეწოდებინათ სურსათი და დაეხმარებინათ ჯარი. ასე რომ ორივე ქვეყნის ინტერესი ერთობლივ მოქმედებას მოითხოვდა.
    პეტრემ ვახტანგთან კავშირი დაამყარა 1715 წ. ისპაანში. 1719 წ. დაიწყო მზადება კასპიისპირეთში ლაშქრობისათვის. 1721 წ. ვახტანგმა პეტრეს უკვე აცნობა მზადყოფნა და რუსთა დახმარების იმედი გამოთქვა.
    პეტრემ ვახტანგს ივნისში ასტრახანიდან წერილი გამოუგზავნა და აუწყა ოპერაციის დაწყება. გახარებულმა ვახტანგმა შეკრიბა ქართველ - სომეხთა 40 ათასიანი ჯარი და ლაშქრობის საბაბად შაჰის დავალება გამოიყენა, რომელიც განჯაზე ლაშქრობას უბრძანებდა ლეკთა წინააღმდეგ, შემდეგ ის განჯაში ჩავიდა და პეტრეს ლაშქარს დაუწყო ცდა. ვახტანგს ცდა ამაო გამოდგა. პეტრემ, რომელსაც ირანმა კასპიისპირა ტერიტორიები  დაუთმო, მოიმიზეზა ჯარში ეპიდემიის გავრცელება, სურსათის უკმარისობა და უკან გაბრუნდა. ვახტანგმა ჯარი დაშალა და თბილისში დაბრუნდა, რაც შემდგომში მას ძვირად დაუჯდა.
    ქართლს ერთი მხრივ ოსმალეთი, მეორე მხრივ კი ირანი დაემუქრა. ვახტანგს ჯარი რომ არ დაეშალა შეეძლო ირანის დაპყრობაც რომელიც ამ დროს მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ავღანელთაგან შევიწროებული.
    1722 წ შაჰად გამოცხადდა ერთის მხრივ ავღანელი მირ მაჰმუდი, რომელმაც ვახტანგს ჯარი მოსთხოვა დახმარების მიზნით მაგრამ  უარი მიიღო, რისთვისაც მან ვახტანგი დასაჯა- ქართლი ჩამოართვა და კახთა მეფეს კონსტანტინეს გადასცა.       
    ვახტანგმა ოჯახი გორში გახიზნა და თვითონ თბილისში გამაგრდა. კონსტანტინე ჯარით მივიდა ავლაბარში და გაიმართა ქართლისთვის ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგმა დიდი წინააღმდეგობა გასწია, კონსტანტინემ ლეკთა დაქირავებული ჯარი მოიყვანა, დაეცა თბილისს და ნარიყალაში მდგარი ყიზილბაშების დახმარებით დაამარცხა ქართლის ჯარი 1723 წ მაისში. ვახტანგმა ძლივს დააღწია თავი ხიფათს, კონსტანტინემ თბილისი აიღო და ლეკებს გააძარცვინა. მოგვიანებით თბილისი ოსმალთ უომრად ჩააბარა. ოსმალებმა ხელთ იგდეს მთელი ქართლი და მეფედ ბაქარი დაადგინეს, ხოლო კონსტანტინე ციხეში ჩააგდეს.
    ვახტანგი ერთხანს ცხინვალს იდგა და იქიდან ეხმარებოდა ბაქარს ქვეყნის მართვაში. მალე ოსმალობა აუტანელი გახდა. მათგან შეწუხებულმა ბაქარმა დატოვა თბილისი და ანტიოსმალური პარტიზანული საქმიანობა გააჩაღა.
    ოსმალებმა ქართლის მეფედ იესე დაადგინეს. მან შეუტია ვახტანგს და მის შვილებს. ცხინვალში დარჩენა გაძნელდა, ვახტანგს კვლავ რუსთა იმედი ჰქონდა და რადგან ქართლში აღარ ედგომებოდა მან ჩრდილოეთისაკენ გამგზავრება დააპირა.
1724 წ რუსეთ - ოსმალეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ოსმალეთმა შეწყვიტა ირანის ტერიტორიის დაპყრობა, ხოლო რუსეთმა ცნო ოსმალეთის უფლება აღმ. საქართველოზე და ირანის ჩრდ. - დას. პროვინციებზე. ვახტანგმა ამ ხელშეკრულებაზე არაფერი იცოდა და რუსეთს გასამგზავრებლად ემზადებოდა, ამან ქართველობა ძალიან შეაშფოთა. მიუხედავად ქართველთა თხოვნისა ის აღარ დარჩა ქართლში და 1724 წ. რუსეთის გზას დაადგა. ის იმედოვნებდა რუსეთის დახმარებით ტახტის დაბრუნებას.
     ვახტანგის წასვლით ქართველთა მდგომარეობა უფრო გართულდა, გაძლიერდა შინაომი, რამაც მძიმე შედეგები გამოიღო. ქართლი გავერანდა, დაქვეითდა სოფლის მეურნეობა, ჩაკვდა ვაჭრობა - ხელოსნობა.

No comments:

Post a Comment