ამირნასარიანი
ეს ნაწარმოები საყურადღებოა თავისი მახვილგონივრული დარიგებებით, ბრძნული შეგონებებით, მიმზიდველი მხატვრული ფორმით, ავტორი ფეოდალური საზოგადოების უმაღლესი პირის ტახტის მემკვიდრის აღზრდის საკითხებითაა დაინტერესებული და მეფის იდეალს გვიხატავს.
ამბები თუ შეგონებანი არაა დაკავშირებული და გაერთიანებული რაიმე ფაბულარული ხაზით, მაგრამ ყველა გამონათქვამი კონკრეტულ მიზანს ემსახურება: უფლისწულის აღზრდას, მასში კეთილშობილების, ჰუმანურობისა და გონივრულობის საწყისების დაძებნას, გაღვივებასა და სრულყოფას.
ნაწარმოები ქადაგებს ადამიანურობასა და ჰუმანურობას, სულგრძელობასა და კაცთმოყვარეობას, ქველმოქმედებასა და გულისხმიერებას, მოითხოვს ღარიბთა შეწყალებასა და მართლმსაჯულებას, მასში შექებულია შრომისმოყვარეობა და საზოგადოებრივი საქმიანობა, გამომზეურებულია ცხოვრების მანკიერი მხარეები, გაკიცხულია პატივმოყვარე და სულმდაბალი, ურცხვი და უვიცი, შურიანი და მოქიშპე, მკვეხარა და მატყუარა ადამიანი.
ამ ეთიკურ ნაწარმოებს ყურადღება მიაქცია ვახტანგმა და განმგებლობის წლებში 1704 - 12
წ თარგმნა კიდეც იგი. ამით დაინტერესება შემთხვევითი არ იყო. ამ დროს ქართლში ბევრი სახის უზნეობა იყო გავრცელებული. დღის წესრიგში დადგა საზოგადოების მორალური წვრთნისა და გაჯანსაღების, მისი სულიერი განსპეტაკების საკითხი.
თარგმანი შემოკლებულია სულ 11 თავია, დედანში კი 44. ვახტანგმა ეს ნაწარმოები კარგად მიუსადაგა ქართულ ცხოვრებას. მოსკოვში ცხოვრებისას ვახტანგმა გალექსა ამირნასარიანი.
ქილილა და დამანა
ქილილა და დამანა მრავალმხრივ საყურადღებო და ძალზე გავრცელებული ინდური ძეგლია. ანვარი სოჰაილი იგავ - არაკთა
კრებულია. (სიტყვა-სიტყვით ნიშნავს სამხრეთის ცის კაშკაშა ვარსკვლავს).
ქილილა და დამანა ამ იგავებს შორის ყველაზე დიდია. მისი შინაარსი ასეთია, ერთი დიდი ვაჭრის შვილი სავაჭროდ წავიდა სხვა ქვეყანაში, თან 2 მებარგული ხარი ახლდა, ერთს ერქვა შუთურბა, მეორეს მანდაბა. დიდმა გზამ დაღალა ხარები, გზად შეხვდათ ტალახი, შუთურბა შიგ ჩაეფლო. ვაჭარმა ამოიყვანა, მაგრამ ხარს სვლა აღარ შეეძლო, ის მან ერთ მოჯამაგირეს მიაბარა და მოვლა სთხოვა, მაგრამ ორ დღეში მოჯამაგირემ ხარი მიატოვა და ბატონს მისი დაკარგვის ამბავი აცნობა. მანდაბამ მეგობრის დაკარგვა ვერ აიტანა და მოკვდა, მცირე ხანში შუთურბა მოღონიერდა. იმ ადგილებში ლომი ცხოვრობდა, რომელიც შეაშინა ხარის ბღავილმა და ისიც ჩაიკეტა. ლომის შეშინება გაიგეს ტურებმა ქილილამ და დამანამ. ქილილა წყნარი და კეთილი იყო, დამანა პატივმოყვარე და გაიძვერა. მან ისარგებლა ლომის მდგომარეობით და შეეცადა სახელი მოეპოვებინა. ეახლა ლომს და ერთგულება აღუთქვა და როცა გაიგო ლომის შეშინების მიზეზი, აღუთქვა ხარის დამორჩილება და შუთურბა მიჰგვარა მას, რომელსაც ხარი მოეწონა და დაიახლოვა, ამან დამანა აღაშფოთა და შურისძიება განიზრახა. ქილილა ცდილობს დაუშალოს ბოროტი ზრახვა მაგრამ ამაოდ, დამანამ შეძლო შუთურბას დაღუპვა, თუმცა მან თავის საწადელს ვერ მიაღწია, ბოლოს მისი საქციელი გაირკვა და ლომის ბრძანებით ის შეკრეს და დაატყვევეს. დასკვნა ასეთია ჩხუბის მოქმედი ბოლოს სატანჯველს მიეცემა.
ვახტანგის მიერ შესრულებული თარგმანის ხელნაწერი ინახება აზიის ხალხთა ინსტიტუტის სანკტ - პეტერბურგის ხელნაწერთა განყოფილებაში.
ვახტანგის თარგმანი გალექსა და გააწყო მისმა კარის მდივანმა ონანამ. ხოლო საბოლოოდ გამართა სულხან - საბა ორბელიანმა.
სიბრძნე მალაღობელი
ძველ ხელნაწერებში ხშირად გვხვდება ერთი მორალური ხასიათის ნაწარმოები აპოთეგმატა, იგი შედგება 3 ნაწილისაგან:
1. მოკლე სიტყვისგება სოგრატისა და სხვათაცა ფილოსოფოსთა, შეიცავს სოკრატეს, პლატონის, არისტოტოელესა და სხვა გამოჩენილ ფილოსოფოსთა აფორიზმებს;
2. მოკლედ გამოსახსნელი ამბავი რომის კეისრებისა და სხვათა მეფეთა, მთავართა და მხედართმთავრებისა;
3. ამბავნი ლაკედემონელთანი.
ვახტანგს მორალური ხასიათის ძეგლებისადმი ინტერესი ადრევე გაუღვიძდა, საგულისხმოა, რომ ეს ინტერესი მას სიცოცხლის ბოლიომდე გაჰყვა და რუსეთში ყოფნისას გალექსა აპოთეგმატა, რომელიც სამ ნაწილად იყოფა:
1. მოკლე სიტყვისგება სოგრატისი სწავლა პირველი თარგმნილი რუსულისაგან, რომელსა ეწოდების სიბრძნე მალაღობელი;
2. მოკლედ გამოსახსნელი ამბავი წიგნი მეორე რომის კეისრებისა, სხვათა მეფეთა, მთავართა და მხედართმთავრებისა მეფის ვახტანგისაგან ლექსად თქმული;
3. რომელიმე ამორჩეულნი სიტყვანი მისისა წიგნებიდანვე გალექსილი.
ვახტანგმა გალექსილ რედაქციას დაურთო ეპილოგი და პროლოგი. პროლოგში გაგვაცნო თავისი მიზანდასახულობა და გულისწყრომა გამოთქვა ვეფხისტყაოსნის არამართებულად გააზრებისა და ამის საფუძველზე არასწორად შეფასების გამო.
სიბრძნე მალაღობელის ეპილოგში ვახტანგმა მორიდებით აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ სხვათა გამონათქვამების გამლექსავი იყო და არა ორიგინალური შემოქმედი.
მართალია სიბრძნე მალაღობელი ვახტანგის ორიგინალური ნაწარმოები არაა, მაგრამ მისი აღმზრდელობითი მოძღვრების გასაცნობად საინტერესო მასალას მაინც იძლევა. ვახტანგმა მოახერხა თავის ნააზრევის გადმოცემაც, მან ნაწარმოები შინაარსობრივად გაამდიდრა, იდეურად აამაღლა, აზრობრივად გააძლიერა, მხატვრულად გაასხივოსნა, ეს კი საფუძველს გვაძლევს სიბრძნე მალაღობელი გამოვიყენოთ ვახტანგის მორალურ შეხედულებათა გასაცნობად.
ეს წიგნი გვარწმუნებს რომ ვახტანგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლლა - განათლებას და მიიჩნევდა მას ადამიანის სრულყოფის ნაცად საშუალებად.
No comments:
Post a Comment