ქართლის
ახალი გამგებლის მოღვაწეობა მრავალფეროვანი და მრავალმხრივი იყო. ვახტანგი კარგად უძღვებოდა
პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ, ეკონომიკურსა და სამეურნეო საქმეებს. იგი ორიგინალურად
მოფიქრებული გეგმით მოქმედებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარებულიყო.
ვახტანგის მიზანი სავსებით გარკვეული იყო - ახალი
პოლიტიკისა და რეფორმების გატარება, სახელწიფოებრიობის აღდგენა და მაჰმადიანთა ბატონობის
დროინდელ წეს-ჩვეულებებზე უარის თქმა.
ირანის შაჰი გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა და ქართლს
ნაკლებად აწუხებდა, ვახტანგს ხელს არ უშლიდა და ზოგჯერ მხარსაც კი უჭერდა. ეს ყველაფერი
იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ მას საქართველოს განვითარება ახარებდა, არა, ყოველივე ამის
მიზეზი ის გახლდათ, რომ ირანის აღმოსავლეთ პროვინციებში არეულობებს ქართლის სამეფო
სახლის წარმომადგენლები გიორგი XI და ქაიხოსრო აგვარებდნენ. ამრიგად მათ ხელში იყო ქვეყნის ბედი. სწორედ ეს გახლდათ შაჰის
„კეთილგანწყობის“ მიზეზი.
ვახტანგმა აქტიურად დაიწყო ერთი მხრივ ქართული
სამეფო-სამთავროების შეკავშირება და დას. საქართველოს ჩაბმა საერთო ქართულ საქმეში,
მეორე მხრივ საიმედო დამხმარე ძალისა და მოკვშირეების ძებნა. უმთავრეს ამოცანად მიიჩნია
ყიზილბაშთა ალაგმვა ქართული მიწიდან, ტყვის სყიდვის მოსპობა და გამგეობის მოწესრიგება,
სამართლის ნორმების დადგენა და ეკონომიკის განვითარება.
იგი ყველანაირად ცდილობდა შეექმნა სათანადო პირობები,
მოეწესრიგებინა მოქალაქეობრივი ცხოვრება, გამოესწორებინა ეკონომიკური მდგომარეობა.
ვახტანგმა გათამამებულ თბილისელ მეციხოვნეებს შეუტია და ყიზილბაშებიც შეავიწროვა,
ირანელთა მიერ დამკვიდრებული წესები კი ნაწილობრივ აღმოფხვრა კიდეც. რათქმაუნდა მისი
საქციელი არც ქართლში ჩამოსახლებულ დამპყრობლებს მოსწონდათ და არც შაჰი იყო აღტაცებული,
მაგრამ ირანს ქართველი მეომრების დახმარება ჯერ კიდევ სჭირდებოდა და შაჰს ვახტანგთან
ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა. რაც შეეხება მეციხოვნეებს, ისინი ვახტანგის წინააღმდეგ
გამოსვლას ვერ ბედავდნენ, არც საკუთარი ძალის იმედი ჰქონდათ და არც ირანიდან ელოდნენ
დახმარებას. სხვა გზა არ ჰქონდათ, ციხის კარი ჩაკეტეს და ზარბაზნების სროლა დაიწყეს.
მაშინ ვახტანგმა ირანის შაჰს შეატყობინა მეამბოხე მეციხოვნეთა საქციელი და ამ უკანასკნელმაც
არ დააყოვნა, მკაცრად დასაჯა მეციხოვნენი. 1709 წ. ვახტანგის დიდი გამარჯვება იყო.
გეგმის განხორციელებაში ვახტანგს ხელს უშლიდა
თავადთა დაუმორჩილებლობა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი ღალატი. იმ მიზნით, რომ მეტად
განემტკიცებინა ცენტრალური ხელისუფლება და დროულად დაესაჯა მოღალატენი ვახტანგმა შექმნა
მცველთა ჯარი, რომელიც მის პოლიტიკას ახორციელებდა. მცველთა ჯარში ჯანიშინის ერთგული
ადამიანები ირიცხებოდნენ. ამ დაქირავებულ ლაშქარს ევალებოდა ვახტანგის დაცვა, ქვეყნის
შინაგანი უშიშროების უზრუნველყოფა, სახელმწიფოში წესრიგის დამყარება. ჯარმა კარგად
გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, განამტკიცა ვახტანგის ხელისუფლება და შეზღუდა
გათამამებული დიდებულები.
დიდებულების დამორჩილება მისი გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. მისთვის სავსებით ნათელი გახდა, რომ მტრის უკუსაგდებად და მშობლიური ქვეყნის გამოსახსნელად
საჭირო იყო ქართველთა ერთიანობა, ქართული სამეფო - სამთავროების გაერთიანება და მამულის
მოყვარულთა მძლავრი ლაშქრის შეკრება, მაგრამ საქართველოს შინაგანი და საგარეო მდგომარეობა
ამის შესაძლებლობას გამორიცხავდა, ქართველი თავადები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ გაერთიანებისათვის და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის,
ერთიანი ხელისუფლების განმტკიცება მათი თვითნებობის ალაგმვას მოასწავებდა, რაც მათ
ხელს არ აძლევდა.
ვახტანგის კიდევ ერთი
მისია იყო ქართლელი გლეხების კახეთიდან ისევ ქართლში ჩამოსახლება.ერეკლეს დროს კლასობრივი ბრძოლის გამწვავების გამო გლეხების ნაწილი გამოეთხოვა თავის სამკვიდროს და გაეცალა მებატონეებს, კახეთს მიაშურა და იქ დასახლდა. აღნიშნულმა მოვლენამ კახეთს მუშახელი შემატა, მაგრამ ქართლი საგრძნობლად დააზარალა.
ვახტანგმა გაითვალისწინა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები, ასევე გაბატონებული კლასის სურვილები და გახიზნულ გლეხთა დაბრუნება დაიწყო.
ქართლის დაცემული მეურნეობის აღდგენისათვის მან
აუცილებლად მიჩნია კახეთში მცხოვრებ ქართლელ გლეხთა დაბრუნება, მაგრამ ეს ადვილი არ
იყო, კახელ მებატონეებს არ სურდათ ხიზანთა გაშვება და არც გლეხებს ეხალისებოდათ ძველ
ბატონებთან დაბრუნება. ვახტანგმა ამჯერადაც შაჰის ძალა გამოიყენა 1707 წლიდან შაჰის
დასტურით დაიწყო კახეთს გახიზნულ გლეხთა ქართლში დაბრუნება.
გადმოსახლების შედეგად ქართლში მოსახლეობა მომრავლდა,
დასახლდა გაუკაცრიელებული ადგილები, აღდგა უშენი ადგილები. ქვეყანა ეკონომიურად განვითარდა,
წინ წავიდა სოფლის მეურნეობაც.
ამის შემდეგ ვახტანგმა შეუტია ქართველ ფეოდალებს
ვინც დაკავებული იყო ტყვის სყიდვით და შედეგსაც მიაღწია.
მან დიდი ყურადღება დაუთმო ეკლესიას. მოაწესრიგა
საეკლესიო საქმეები, რადგან კარგად ჰქონდა გათვალისწინებული რომ ეკლესია ეს იყო სახელმწიფოს
ერთერთი ძირითადი კომპონენტი, მისი მხარდაჭერისა და ხელშეწყობის გარეშე არ შეიძლებოდა
წინსვლა. მან აღადგინა დარღვეული საეკლესიო
სამართალი, გადააყენა ძველი მღვდელთმთავარები. ვახტანგმა ფეოდალებს ჩამოართვა და ეკლესიას
დაუბრუნა დატაცებული ყმა - მამული. ეკლესია გამდიდრდა და გაძლიერდა, მისი ავტორიტეტი
გაიზარდა.
ვახტანგის დროს მთელ ქვეყანაში დაიწყო აღდგენითი
და სამშენებლო სამუშაოები. აიგო და აღდგა სარწყავი არხები და ხიდები, სასახლეები და
ეკლესია-მონასტრები. მან განაახლა თბილისის სიონი, სვეტიცხოველი, აგრეთვე ურბნისის,
სადგერისა და სხვა ეკლესიები,რომლებიც მტრის
შემოსევებისას ნახევრად დაინგრა და რესტავრაციას საჭიროებდა.
თბილისი გაშენდა, გაიზარდა ვაჭრობა, განვითარდა
შინამრეწველობა, მომრავლდნენ ხელოსნებიც, გაჩნდა მოზრდილი საწარმოები, გაიზარდა შემოსავლები,
მოწესრიგდა საგლეხო გადასახადების აკრეფა.
ქართლი დაწინაურდა კულტურულადაც. ვახტანგის კარზე
თავი მოიყარეს მეცნიერებმა და მწერლებმა, მთარგმნელებმა და კალიგრაფებმა, მეხოტბეებმა
და კარის მემატიანეებმა, მომღერლებმა და მუსიკოსებმა.
ვახტანგმა 1709 წ. დააარსა პირველი სტამბა საქართველოში.
მოაწესრიგა სახელმწიფო სამართალი და დაადგინა კანონთა კრებული, სწავლულ კაცთა კომისიას
გაამართვინა საქართველოს ისტორია და სხვა.
1709წ. 13 ივნისს ისპაჰანში გარდაიცვალა ვახტანგის
მამა ლევან ბატონიშვილი. შაჰმა ირანის სპასალარობა უბოძა ქაიხოსრო ლევანის ძეს, რომელიც
1711 წ. გიორგის მსგავსად შეაკვდა ავღანელებს.
ქაიხოსროს სიკვდილის შემდეგ ქართლის
ტახტი განთავისუფლდა და შაჰმა ვახტანგი დაიბარა ირანში, რომელმაც ქართლის გამგებლად
სვიმონი დატოვა, ქალიშვილები დაათხოვა, ანუკა
ვახუშტი აბაშიძეს, ხოლო თამარი კახთა უფლისწულ თეიმურაზ II - ს შერთო, შემდეგ
კი ისპაჰანის გზას გაუდგა.
No comments:
Post a Comment