ირანში

    1712 წ 4 ივლისს ვახტანგი ისპაანს ჩავიდა. ცბიერმა შაჰმა კარგად მიიღო, პატივი სცა, ლხინი გაუმართა. მალე კი მამა - პაპური რჯულის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. ეს იყო წინაპირობა ქართლის ტახტის მიღებისათვის. ცხადი გახდა, რომ შაჰის კარზე გადაწყვეტილი ჰქონდათ ქართლი მხოლოდ მაჰმადიანისათვის მიეცათ.
    ვახტანგი ვაჟკაცურად შეხვდა განსაცდელს და თამამად მოახსენა შაჰს, რომ იგი რჯულის უარყოფას არ აპირებდა. შაჰს იმდენად ჭირდებოდა ვახტანგი ამიერკავკასიაში ირანის ზეგავლენის განსამტკიცებლად და ლეკების წინააღმდეგ გასალაშქრებლად, რომ ერთხანს აპირებდა რჯულის შეუცვლელად გაემეფებინა იგი.
    სარწმუნოების დაუტევებლად ტახტის მიღება ვახტანგისა და მისი დასის დიდი გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ შაჰს წინ აღუდგნენ მრჩევლები და განზრახვაზე ხელი ააღებინეს. შაჰი არც იმის წინააღმდეგი იყო რომ ვახტანგს მოჩვენებით მიეღო მაჰმადიანობა, მაგრამ ვახტანგი არც ამაზე დაეთანხმა. მთავარი იყო არა სარწმუნოებრივი  საკითხი, ქრისტე თუ მაჰმადი არამედ პოლიტიკური მიმართულება. თუ ვახტანგი შეინარჩუნებდა მშობლიურ სარწმუნოებას ეროვნულ - სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას უკეთ წარმართავდა, სჯულის შეცვლა კი შაჰის სამსახურში ჩადგომას და ირანელთა საქმის კეთებას მოასწავებდა.
    ვახტანგი გამაჰმადიანებას არ აპირებდა. საჭირო გახდა სასურველი კანდიდატის დაძებნა. ასეთ პირად მიჩნეულ იქნა ვახტანგის ძმა, გამაჰმადიანებული იესე, ის ყიზილბაშებში, კერძოდ თბილისის მეციხოვნეთა შორის გავლენით სარგებლობდა, როდესაც ვახტანგი შაჰის კარზე იყო და განსაცდელის პირზე იდგა  მან უღალატა და თბილისის მეციხოვნენი აუჯანყა.
    ვახტანგს ქართლში ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. სწორედ ისინი
დაუკავშირდნენ შაჰის წარმომადგენელს და აუწყეს არ გვსურს ვახტანგი მეფედ, იესე გამოგვიგზავნეო.
    მალე შედგა ქართველ სამღვდელოთა კრება კათოლიკოს დომენტის მეთაურობით. კრებამ მეფედ ვახტანგი მოითხოვა და ნება დართო ვახტანგს მიეღო მაჰმადიანობა. ვახტანგი აღაშფოთა ქართველ სამღვდელოთა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, მან არც ამჯერად შეიცვალა აზრი და არ უღალატა თავის რწმენას. ერთხანს კვლავ ისპაანში დარჩა. შაჰის კართან ჯერჯერობით კიდევ ახლოს იყო და ქართლის საქმეთა მრჩევლის როლს ასრულებდა, მაგრამ შაჰი ძველებურად აღარ ენდობოდა.
    ვახტანგმა გადაწყვიტა ევროპაში ელჩის გაგზავნა და იქაურ ხელისუფალთათვის დახმარების თხოვნა. მისი არჩევანი სულხან საბა ორბელიანზე შეჩერდა.
    ვახტანგი ადრევე კეთილი თვალით იცქირებოდა ევროპისაკენ და ეხმარებოდა კიდეც ევროპელებს, კერძოდ ფრანგებს, ამ მხრივ აღსანიშნავია მისი დახმარება ირანში ფრანგთა ელჩის მხლებელი ქალისადმი. როგორც კონსტანტინეპოლში საფრანგეთის ელჩისადმი გაგზავნილი წერილიდან ჩანს ვახტანგი ამ ქალს დახმარებია დასავლეთისკენ გამგზავრებაში. ამას გარდა ჩვენში მომრავლად იყვნენ ფრანგი მისიონერები, პოლიტიკური და სავაჭრო აგენტები, რომელთაც ვახტანგი მფარველობას არ აკლებდა.
    ირანი ოსმალეთს ებრძოდა და ამით დას. ევროპის  ერთი დიდ მტერს აცილებდა თავიდან. დას. ევროპას არ სურდა ქართველთათვის დახმარების აღმოჩენით ოსმალეთი ან ირანი გადაემტერებინა. ევროპელი მმართველები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული ქართველთა მდგომარეობით. მათი ინტერესი საქართთველოსადმი მხოლოდ კულტურულ - ეკონომიური და სარწმუნოებრივი საკითხებით იყო შემოფარგლული, ხოლო ქართველებს ამაზე მეტად ურთიერთობის პოლიტიკური მხარე და სამხედრო დახმარება აინტერესებდათ. ერთ დროს ქართველები  ჩვენში მოსულ კათოლიკე მისიონერთა მიერ დაიმედებულნი ევროპისკენ იმედით იცქირებოდნენ. ბევრმა ქართველმა მეფე - დიდებულმა მიიღო კათოლიკობა. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ქართველებს სურდათ კათოლიკური დასავლეთის პოლიტიკური დახმარება მიეღოთ და მაჰმადიანები დაემარცხებინათ.
    1713 წ. 17 აგვისტოს სულხანი საფრანგეთისკენ გაემგზავრა. სულხანმა პაპს წერილი გაუგზავნა, როელშიც დახმარებას სთხოვდა და აღუთქვამდა საქართველოში კათოლიკობის გავრცელებას.
    სულხანი შეხვდა ლუდოვიკო XIV-ს და დახმარება სთხოვა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. (ის მეფეს სთხოვდა შაჰთან ეშუამდგომლა რათა ვახტანგი ტახტზე დაესვა გამაჰმადიანების გარეშე).
    იმედგაცრუებულმა სულხანმა რომს მიაშურა. ინახულა პაპი კლემენტ XI და დახმარება სთხოვა, მაგრამ ისევ უშედეგოდ.
    ვახტანგისა და ქართლის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. იესეს მეფობა აუტანელი გახდა. მან ქართული ქრისტიანული წესები დაივიწყა, ნათესაობაც შეშალა და ცოლად შეირთო ახლობელი ნათესავის ასული, ხოლო კიდევ მოიყვანა მეორე ცოლი. მისმა უზნეობამ და ირანელთადმი მიკერძოებამ აღაშფოთა ქართველობა.
    იესეს მმართველობას მოჰყვა ეკონომიური დეგრადაცია, სოფლის მეურნეობის დონის დაქვეითება. შაჰის ერთგულ მეფეს ქართველი  მამულიშვილები არ ენდობოდნენ, ერიდებოდნენ, სახელმწიფო შემოსავლებს უმალავდნენ.
    ლეკებმა ამოწყვიტეს კახელები, კახთა მეფემ და იესემ კი ვერაფერი უშველეს. შაჰისთვის ნათელი გახდა, რომ ლეკთა თარეშის აღკვეთა და ირანის პოზიციების განმტკიცება ამიერკავკასიაში იესეს ძალას აღემატებოდა. იმ დროისათვის ვახტანგმაც შეიცვალა აზრი, იგი დარწმუნდა რომ ჯიუტობას აზრი აღარ ჰქონდა და ქართლის მდგომარეობაც რთულდებოდა, ევროპის იმედიც უკვე აღარ ჰქონდა.
     ვახტანგი დათანხმდა გამაჰმადიანებას და შაჰმა გაანთავისუფლა, დააჯილდოვა და მისცა ქართლის მეფობა და ირანის სპასალარობა. ვახტანგი ირანში დარჩა ქართლის მმართველად კი შაჰმა ბაქარი გამოგზავნა. იესე კახეთში გაიქცა, მაგრამ შეიპყრეს და თბილისის ციხეში გამოკეტეს.
    მალე ვახტანგს დაევალა ხორასანს წასვლა და იქ საქმის მოგვარება-ის ებრძოდა ავღანელთა მარბიელ ლაშქარს.
    ბაქარის მეფობის პერიოდში ქართლი კვლავ მძიმე მდგომარეობაში იყო. ლეკები მოსვენებას არ აძლევდნენ ქვეყანას და ზიანს აყენებდნენ ირანის სხვა ყმადნაფიც ქვეყნებსაც. შაჰს ეს საკუთარი ღირსების შელახვად მიაჩნდა, საჭირო იყო ეფექტური ღონისძიების გატარება. ირანის ხელისუფლებამ ვახტანგის ქართლს გამოგზავნა გადაწყვიტა ლეკთა ასალაგმავად.

No comments:

Post a Comment