ქართული სამართლებრივი სისტემის სრულყოფაში დიდი წვლილი შეიტანა ვახტანგმა რისთვისაც მას სჯულმდებელსა და ქართველ იუსტინიანესაც კი უწოდებენ.
ის მართლმსაჯულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. მან ადრევე შენიშნა ყიზილბაშთა ბატონობისა და ცალკეულ მოხელეთა თვითნებობის ბუნებრივი შედეგი, მართმსაჯულების დაცემა და სასამართლოს გადაგვარება.
ასეთ მდგომარეობას ვახტანგი ვერ მოითმენდა და მან მრავალმხრივი ღონისძიებები გაატარა სამართლის მოწესრიგებისა და ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების დადგენისათვის.
ვახტანგმა ჩაატარა უაღრესად შრომატევადი სამუშაო და შექმნა დიდებული კრებული. იგი ფრიად საყურადღებო ძეგლია- ასეთი ტიპის კრებული სხვა ენაზე არ არსებობს.
სამართლის წიგნთა კრებულის შედგენილობა ასეთია:
1. ზანდუკი - საძიებელი;
2. შესავალი - მასში მოცემულია საყურადღებო ცნობები სამართლის ძეგლების თარგმნის, კრებულის შედგენის, ვახტანგის საქმიანობისა და სხვა საკითხების შესახებ;
3. სამართალი მოსესი - გამოსვლათა წიგნიდან მუხლების ამოკრეფით და მათგან სამართლის წიგნის შედგენის ცდა, შეკუმშული სახით;
4. სამართალი ბერძნული - ქართული თარგმანის წყაროს წარმოადგენს ბიზანტიური იურისპრუდენციის თვალსაჩინო წარმომადგენლის კონსტანტინე არმენოპულოს XIV ს და მღვდელმონაზონ მათე ვლასტარის XIV სშრომები;
5. სამართალი სომხური - იგი ვახტანგმა ეჩმიაზინიდან ჩამოატანინა და საგანგებოდ ათარგმნინა კრებულისათვის. შედგება 2 ნაწილისაგან სირიულ - რომაული სამართალი და მხითარ გოშის სამართალი.
ვახტანგის კომისიამ გამოიყენა უცხო წყაროები, შეუფარდა ქართულ სინამდვილეს და მიუსადაგა ეროვნულ ნიადაგს. თუმცა უცხო მასალით დაკმაყოფილება და შემოფარგვლა რასაკვირველია არ შეიძლებოდა და ვახტანგმა კრებულში ჭარბად შეიტანა ქართული ორიგინალური ძეგლები:
1. საქართველოს კათალიკოსის მალაქიას, აფხაზეთის კათალიკოსის ევდემონ ჩხეტიძის და სხვა ქართველ მღვდელთმთავართა მიერ შემუშავებული სამართალი კათალიკოსთა;
2. გიორგი ბრწყინვალის მიერ 1335 წ. მთიულთათვის შექმნილი ძეგლის დადება;
3. სამართალი ბექასის და აღბუღასი XIV ს. ;
4. სამართალი ბაგრატ კურაპალატისა ;
5. კანონიკური სამართალი.
კრებულის ბოლოს წარმოდგენილია საკუთრივ ვახტანგის სამართალი, რომელშიც მოცემულია XVII -
XVIII ს ქართლის სამეფოს სოციალური ფენების ეკონომიური და უფლებრივი მდგომარეობის სურათი, ასახულია მრავალგვარი სამართლებრივი ინსტიტუტი, ადათ - ჩვეულება, იურიდიული ყოფა.
სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა იწყება ვრცელი შესავლით, რომელშიც საუბარია ქართლში შექმნილ ვითარებაზე, მართლმსაჯულების შესუსტებასა და დაცემაზე, სამართლის წიგნის შექმნის მიზეზებზე და ა შ.
ვახტანგის სამართლის წიგნი ძირითადად მუხლებადაა დანაწილებული, მაგრამ რამდენიმე ადგილას დარგების მიხედვითაა დაყოფილი, მაგ. კარი ქურდობისა, სამართალი ნასყიდობისა და ა შ.
თავდაპირველად ის მოქმედი სამართალი იყო და კანონის უფლებით სარგებლობდა ქართლში. შემდეგ კი გავრცელდა მთელ საქართველოში.
ვახტანგის სამართლის წიგნი ქართული კულტურის ისტორიის უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი განძია.
აქვე უნდა ავღნიშნოთ ვახტანგის
მიერ გამგებლობის პერიოდში შექმნილი ადმინისტრაციული და სამეურნეო სამართლის ფრიად საყურადღებო ძეგლი დასტურლამალი (სპარსულად მოქმედების ინსტრუქციას ნშნავს).
ამ წიგნმა ერთმანეთისაგან გამიჯნა მართლმსაჯულება და მართვა, თითოეულს თავისი სფერო მიუჩინა და დაამკვიდრა სამეფო დარბაზის წესრიგი, განსაზღვრა ხელისუფალთა მოვალეობანი. ამასთანავე მასში განხილულია ისეთი საკითხებიც რომელთაც სამეფო დარბაზთან პირდაპირი და უშუალო კავშირი არ აქვს. მაგ. ხალხის აღწერა, გადასახადის აკრეფა, გზების მოვლა და ა შ.
No comments:
Post a Comment