განსწავლიული მეცნიერი, პოეტი და ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ვახტანგ ბაგრატიონი დაიბადა 1675 წ. 15 სექტემბერს. მამა - ლევან ბატონიშვილი განათლებული მწიგნობარი იყო. დედა - თუთა იყო ასული ქაიხოსრო გურიელისა. იგი ადრე გარდაიცვალა და ვახტანგს დედინაცვალი, თინათინ ავალიშვილი ზრდიდა.
ვახტანგმა ძალიან კარგი განათლება მიიღო, საფუძვლიანად
შეისწავლა ძველი ქართული სასულიერო მწერლობა და საერო მხატვრული ლიტერატურაც, ღვთისმეტყველება
და საეკლესიო ისტორია, გაიარა სათანადო რაინდული წვრთნა.
ვახტანგმა საკმაო კარგად შეისწავლა ენები, ისტორია,
ლიტერატურა, გეოგრაფია, ასტრონომია, სამართალი. შრომისმოყვარეობით, ნიჭითა და მუყაითობით
ვახტანგმა ადრევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. მაგ. პატრი რეჯინალდო (კათოლიკე
მისიონერი) აღნიშნავდა, თუ რა გულმოდგინედ მეცადინეობდა ვახტანგი ასტრონომიაში და ამბობდა
საკმაოდ სწავლისმოყვარეაო. ვახუშტის დახასიათებით კი იგი იყო „ცოდნისმოყვარე, ბრძენი,
მხნე და ახოვანი, მშვენიერ-ჰაეროვანი, მუშაკი უხვი და მშვიდი.“
ვახტანგის აღზრდაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის
ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს სულხან ორბელიანს. ვახტანგის თქმით სულხანი
მის მამა-ბიძათა ზედა დიდად ნამსახური და გარჯილი იყო და სწორედ ამიტომ სამეფო კარმა
სულხანს მისი აღზრდა დაავალა, მან კი ამ საქმეს ენერგიულად მოკიდა ხელი.
ვახტანგის შემდგომი საქმიანობა ცხადყოფს, რომ
სულხანმა ეს დავალება პირნათლად შეასრულა. იგი მთლიანად მიენდო თავის აღმზრდელს და
მრავალი წლის მანძილზე მეგობრობდა კიდეც მასთან. სულხანის სიტყვით ის იყო ვახტანგ მეფისა
ბიძად და გამზრდელად წოდებული და დიდი საყვარელი, ხოლო ვახტანგი ყოვლად საყვარელი ბატონის
ბიძის უმდაბლეს ძმისწულს უწოდებდა თავის თავს.
იმავე პერიოდში სულხანი მუშაობდა „სიბრძნე სიცრუისაზე“,
როგორც ცნობილია ამ კრებულის აღმზრდელობითი მნიშვნელობა ძალზე დიდია. კრებულზე მუშაობისას
მწერალს სხვა მიზნებთან ერთად ვახტანგის სასწავლო-აღმზრდელობითი ამოცანებიც ამოქმედებდა,
იგი თავის პრაქტიკულ საქმიანობას წიგნში თეორიულად ასაბუთებდა, თავის კრებულში მან
მეფის იდეალი დასახა. მისი აზრით კარგი მეფე უნდა ყოფილიყო მორალურად და ფიზიკურად
სრულყოფილი, ღირსეული წინამძღოლი, აი ასეთად ზრდიდა სულხანი ვახტანგს.
ამრიგად ვახტანგი განსაკუთრებულ პირობებში აღიზარდა
და ენციკლოპედიური განათლება მიიღო. ბუნებრივია მის, როგორც სახელწიფო მოღვაწის, მწერლისა
და მეცნიერის ჩამოყალიბებაზე, მის სულიერ თვისებებსა და ხასიათის ფორმირებაზე დიდი
გავლენა მოახდინა ქართლის პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამა და კულტურულმა გარემომ.
No comments:
Post a Comment