ასტრონომია
ქართული ასტრონომიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვახტანგმა. მან ხელი მიჰყო სპეციალური ლიტერატურის თარგმანს. ირანში ყოფნისას სპარსულიდან თარგმნა ცნობილი მეცნიერის ულუღ - ბეგის „ასტრონომიული ტრაქტატი“ და „ვარსკვლავთა კატალოგი“. ვახტანგმა თარგმანს დაურთო ასტრონომიული ლექსიკონიც.
ვახტანგმა თარგმნა ხოჯა ნასირ ედ დინ თუსის „თალი მასალის“ ანუ „სტროლაბის სასწავლებელი წიგნი“. აღსანიშნავია თბილისის სტამბაში დაბეჭდილი ასტრონომიულ - კოსმოგრაფიული თხზულება „აიათი“, რომელიც სპარსულიდან ვახტანგმა თარგმნა.
ქიმია
ვახტანგს აინტერესებდა ქიმია. მან ჯერ კიდევ ისპაანში დაიწყო და რუსეთში დაასრულა ქიმიის სახელმძღვანელო, რომელიც დასათაურებულია
როგორც „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. წიგნის შექმნისას ვახტანგმა გამოიყენა აღმოსავლური ძეგლები, გამოკრიფა იქიდან საინტერესო მასალა, ჩაატარა ცდები და სცადა ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების მიღების წესის შემუშავება. ზოგჯერ იგი ზეპირსიტყვიერი ცნობებითაც სარგებლობდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ამოწმებდა მას, თუმც ზოგჯერ შეუმოწმებელ მასალასაც ათავსებდა წიგნში და ამაზე მკითხველს აფრთხილებდა.
მედიცინა
საყურადღებოა ვახტანგის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში. აღსანიშნავია მისი ზრუნვა ძველი მედიცინის ადრინდელი ძეგლების შემცველი ხელნაწერების შენარჩუნებაზე - 2 უაღრესად საყურადღებო სამედიცინო ხასიათის თხზულების ხელნაწერების გადაწერა ვახტანგის სახელთანაა დაკავშირებული.
მისი თაოსნობით მოხდა ზაზა ფანასკერტელის ცნობილი სამკურნალო წიგნის შემცველი
ხელნაწერს წესრიგში მოყვანა და აკინძვა.
ლექსიკოგრაფია
ერთობ დიდია ვახტანგის დამსახურება ქართულ ლექსიკოგრაფიაში. მან ნაყოფიერი მუშაობა ჩაატარა როგორც სულხან საბას სიტყვის კონის სრულყოფისათვის ისე ახალი ლექსიკონების შედგენისათვის.
ლექსიკონებს ურთავდა თავის განმარტებებს.
ისტორიოგრაფია
მნიშვნელოვანია ვახტანგის ღვაწლი ქართულ ისტორიოგრაფიაში, კერძოდ ქართლის ცხოვრების ახალი რედაქციის შექმნა - ჩამოყალიბებაში.
ეს კრებული საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი ჩვენი ხალხის და წინაპრების ცხოვრებას მხოლოდ უძველესი დროიდან XIV საუკუნემდე გადმოსცემდა, მომდევნო ხანაზე XIV - XVII ს კი მასში არაფერი იყო ნათქვამი.
დღის წესრიგში დაისვა ქართლის ცხოვრების სრულყოფის საკითხი, მისი მოგვარება ვახტანგმა ითავა. მან შეკრიბა მეცნიერები, ჩამოაყალიბა სწავლულ კაცთა კომისია, დაავალა მათ ძველი ხელნაწერების შეკრება, გაცნობა და შესწავლა, ტექსტის დამახინჯებული ადგილების დაზუსტება და გასწორება, დანაკლისის შევსება ახალი საუკუნეების ისტორიის დაწერა.
კომისიის ხელმძღვანელლად დაინიშნა მეცნიერი ბერი ეგნატაშვილი.კომისიამ კარგად გაართვა თავი ვახტანგის დავალებას და ასევე საბოლოო სახე მისცა ქართლის ცხოვრების გაფორმებას. კომისიამ გამოიყენა როგორც ქართული ისე უცხო საისტორიო წყაროები.
ვახტანგს დაწერილი აქვს ნაშრომი „ბაგრატიონთა ნათესაობის წიგნი“ ანუ გენეალოგიური ხე, უძველესი დროიდან ვიდრე ვახტანგის შვილებამდე.
მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაც. მან ასტრონომიული ხერხებით განსაზღვრა და დააზუსტა გეოგრაფიული კოორდინატები, წამოიწყო მუშაობა საქართველოს რუკის შედგენისათვის და საფუძველი ჩაუყარა ქართულ კარტოგრაფიას, ჩაატარა საქართველოს ზოგიერთი კუთხის ტოპოგრაფიული აგეგმვა.
ინტერესს იჩენდა იგი აგრეთვე ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიისადმი. სულხანის ცნობით ვახტანგს სასახლეში ზოოლოგიური მუზეუმი და პალეონტოლოგიური კოლექცია ჰქონია.
No comments:
Post a Comment