პირველი სტამბა თბილისში
1709 წლამდე ქართული წიგნები მხოლოდ რომსა და მოსკოვში იბეჭდებოდა. რათქმაუნდა ეს წიგნები აღწევდნენ საქართველომდე და საზოგადოება ინტერესით ეცნობოდა ქართული ბეჭდური გამოცემების პირველ ნიმუშებს. უცხოეთში გამოცემულმა ქართულმა წიგნმა გარკვეული როლი შეასრულა ეროვნული კულტურული ცხოვრების ისტორიაში, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.
დადგა თბილისში სტამბის დაარსების საკითხი. ამ დიდი მისიის შესრულება ვახტანგს ხვდა წილად.
მიუხედავად შაჰის დიდი წინააღმდეგობისა, ტექნიკური სირთულისა და ფინანსური დაბრკოლებისა ვახტანგმა მაინც შეძლო ამ საქმის დაგვირგვინება.
ვახტანგი დაუკავშირდა იერუსალიმის პატრიარქს და დახმარება სთხოვა. პატრიარქისა და განსაკუთრებით ანთიმოზ ივერიელის, რომელიც ცნობილია
როგორც სასტამბო საქმის დიდი სპეციალისტი,
შემწეობით ვახტანგმა მიზანს მიაღწია. გაიგო რა ვახტანგის განზრახვა მან დახმარება აღმოუჩინა ქართლის გამგებელს. გამოუგზავნა თავისი მოწაფე მიხაილ სტეფანეიშვილი. ჩამოსული მოღვაწის მეთაურობითა და წინამძღოლობით მალე გაიმართა ქართული სტამბა მტკვრის პირას ანჩისხატსა და სიონს შორის.
ვახტამგის სტამბიდან პირველსავე წელს გამოვიდა 3 წიგნი სახარება, დავითნი, სამოციქულო. თბილისის სტამბაში მომდევნო წლებში დაიბეჭდა კონდაკი, ჟამნი, დავითნი, ვეფხისტყაოსანი, კურთხევანი, ლოცვანი და სხვა. სტამბამ სულ ოცამდე სახელწოდების წიგნი გამოაქვეყნა.
ვახტანგის სტამბის პროდუქცია ინტერესს იწვევს და მოწონებას იმსახურებს არა მარტო შინაარსობრივ - თემატიკური თვალსაზრისით არამედ მხატვრულ - ტექნიკური კულტურის მაღალი დონითაც. წიგნები მეტწილად საშუალო და პატარა ფორმატისაა, ადვილად მოსახმარი, მათი შემკულობა ფრიად საყურადღებოა, ილუსტრაციები, კაზმულობა, ვახტანგის პორტრეტი, სამეფო გერბი მოწმობს მბეჭდავთა მხატვრულ გემოვნებასა და ტექნიკურ ოსტატობას.
აღსანიშნავია რომ ეს იყო I სტამბა არა მარტო საქართველოში არამედ მთელს კავკასიაში.
ვეფხისტყაოსნის გამოცემა
თბილისის სტამბაში დაბეჭდილი წიგნებიდან დიდ ყურადღებას იმსახურებს რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მისი გამოქვეყნება უშუალოდაა დაკავშირებული ვახტანგის სახელთან და ამიტომ მას „ვახტანგისეულ ვეფხისტყაოსანს“ უწოდებენ.
ვახტანგს ძალიან ხიბლავდა ვეფხისტყაოსანი და კარგად ესმოდა მისი მნიშვვნელობა. მან შეისწავლა
წიგნი და გამოაქვეყნა 1712 წ. (მასში დაბეჭდილია 1587 სტროფი). ეს იყო ვეფხისტყაოსნის პირველი მეცნიერულ - კრიტიკული გამოცემა.
წიგნი გარეგნულადაც შესანიშნავადაა გაფორმებული და შემკული, ერთვის ვახტანგის სურათი, ბაგრატიონთა გერბი. ტექსტი შავი ფერითაა დაბეჭდილი, სათაურები და სტროფების დასაწყისი პირველი სიტყვები წითელი ფერით.
ვახტანგმა ვეფხისტყაოსანი მიიჩნია სასწავლო წიგნად, ჰუმანიზმით აღსავსე პოემად. ხოლო მისი ავტორი დიდ მორალისტად. მას ვეფხისტყაოსანი მიაჩნდა როგორც საღვთო ისე საერო წიგნად.
ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნის მხოლოდ ოცამდე წიგნია მოღწეული.
No comments:
Post a Comment